კომპანია Dream Service, პირველად 2017 წლის 9 მაისს მოემსახურა შემკვეთს, რადგან მომხმარებელს ყველა სხვა კომპანიამ უარი უთხრა დასვენების დღეს, რემონტის შემდგომ დასუფთავებაზე. yell.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის შედეგად მიღებული პირველი შემოსავალი, კომპანიის დამფუძნებელმა Facebook რეკლამისკენ მიმართა, რამაც განაპირობა ახალი მომხმარებლების გაჩენა და დღეისათვის, კომპანია კომპლექსურ საყოფაცხოვრებო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, როგორიცაა – დასუფთავება, ავეჯის გადაზიდვა, IT დახმარება, ტექნიკის მონტაჟი, ხელოსანი გამოძახებით და ა.შ. Dream Service-ს დამფუძნებელი – გიორგი ყენია გვესაუბრა კომპანიის შექმნის ისტორიაზე, კომპლექსური საყოფაცხოვრებო მომსახურების უპირატესობებსა და მნიშვნელობაზე:
M: როგორია Dream Service-ის შექმნის ისტორია და საჭიროება?
კომპანია Dream Service დარეგისტრირდა 2013 წელს, როგორც ვიწრო სპექტრის დასუფთავების კომპანია, რომელიც მოემსახურებოდა მხოლოდ საცალო ბაზარს, მაგრამ ძალიან მალევე შევწყვიტეთ მუშაობა, რადგან მე, როგორც მისმა დამფუძნებელმა, სხვა კომპანიიდან მივიღე შემოთავაზება. თუმცა, ამ 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობდი იმაზე, რომ თუ ადამიანს გააჩნია იმის ინტელექტუალური და პროფესიული რესურსი, რომ სხვას „აშოვნინოს ფული“, ეს უნდა გააკეთოს. რაც შეეხება კომპანიის იდეას – ადამიანს, რომელსაც სურს ნებისმიერი სახის (ამ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო) მომსახურების მიღება, არ უნდა სჭირდებოდეს ნაცნობებში რეკვა დამლაგებლის მოსაძებნად, არ უნდა გარბოდეს ელიავაზე ავეჯის გადასაზიდად, არ უნდა სჭირდებოდეს განცხადებების ქექვა სანტექნიკის მოსაძებნად. ამ ყველაფრის მიღება უნდა შეეძლოს ერთ სივრცეში.
M: როგორი იყო თქვენი გზა „საოცნებო სერვისის“ იდეის გაჩენიდან განხორციელებამდე?
როდესაც პირველად გავაჟღერე ნაცნობებში ამ იდეის განხორციელების სურვილი, თითქმის ყველასგან მივიღე სკეპტიკური პასუხი: „ბევრი ჩალიჩი უნდა“, „სად უნდა სდიო დამლაგებლებს და მუშებს“, „სად აქვს ხალხს ფული“, „რატომ უნდა გადაგიხადოს შენ 100 ლარი, როცა კერძო დამლაგებელს მოიყვანს და 30-40 ლარად დაულაგებს“ და მთავარი პრობლემა „ფული“! „ფულის გარეშე ვერაფერს იზამ, ვერ გახსნი, ვერ იმუშავებ“ და ა.შ. მოკლედ, ქართული გაგებით, ფულის გარეშე ბიზნესის გახსნა შეუძლებელია, ამას სჯობს სტაბილურ ხელფასზე იმუშავო, მაგალითად ბანკში (ამ უკანასკნელში ვმუშაობდი ბოლო პერიოდის განმავლობაში) და ზუსტად ამ პოსტულატის გაქარწყლება გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, რაღაც მცირე ოდენობის ფული საჭიროა, თუნდაც, კომპანიის რეგისტრაციისთვის, ტელეფონის ნომრის ყიდვა, პირველადი ინვენტარი დასუფთავებისთვის და წვრილმანი ხარჯები, თუმცა, ეს იმდენად მცირე დანახარჯია, რომ შეიძლება ითქვას, ახლოსაც ვერ მივა იმ თანხებამდე, რაც საზოგადოებაშია დამკვიდრებული ბიზნესის გახსნის „საარსებო მინიმუმის სახით“ და ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი მოძიება.
M: როგორ გაართვით თავი მწირი ფინანსებით საიტის შექმნასა თუ კადრების აყვანას?
იყო გასაწევი ხარჯები, რომლების გაწევაც მომიწევდა, რომ არა ის რესურსი, რომელიც ფულად რესურსს ბევრად აღემატება – მეგობრები! კომპანიის პირველი სავიზიტო ბარათი არის ვებგვერდი, რომლის შექმნა არც თუ ისე იაფი ჯდება (ამ პერიოდისთვის უკვე უმუშევარი ადამიანისთვის). ამაში დამეხმარა ჩემი მეგობარი და ვებდიზაინერი ხარება ქავთარაძე. მან შექმნა კომპანიის ლოგოც, რომლის მრავალფერიანობა ასახავს კომპანიის მომსახურების სპექტრის მრავალფეროვნებას და ასევე, მთლიანად ვებგვერდის დიზაინი, სრულად უსასყიდლოდ. ასევე, გვერდში დამიდგა ჰოსტინგი უნისოლი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მომცა ჰოსტინგი უფასოდ. სამუშაოს შესასრულებლად მჭირდებოდა ვაკანსიის გამოცხადება და გასაუბრებების ჩატარება. ამისთვის, საჭირო იყო საოფისე ფართი, რომელიც გადმომცა ტურისტულმა კომპანიამ Orange Travel-მა. გასაუბრებების ეტაპის დამთავრების შემდეგ, კომპანიას ჰყავდა დასუფთავების 2 სპეციალისტი, 2 უნივერსალური ხელოსანი და რამდენიმე კონტრაქტორი მძღოლი, სხვადასხვა ტიპის მანქანებითა და მუშების ბრიგადით. ამ შემადგენლობით დავიწყეთ მუშაობა 9 მაისს, როდესაც პირველ მომხმარებელს მოვემსახურეთ.
M: რა არის თქვენი უპირატესობა საყოფაცხოვრებო მომსახურების კუთხით მომუშავე სხვა კომპანიებთან მიმართებაში?
ჩვენ გაგვაჩნია საკმაოდ დიდი საკადრო ბაზა, რაც გვაძლევს საშუალებას მცირე პერიოდში მოვიძიოთ მოთხოვნების შესაბამისი კადრები. სხვა გამოცდილ კომპანიებს ორიენტაცია აქვთ აღებული კორპორატიულ მომხმარებელზე და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საცალო ბაზარს. ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ ახლად შექმნილი კომპანია ვართ, გვაქვს დიდი მოტივაცია, მაღალი ხარისხით შევასრულოთ სამუშაო. გარდა ამისა, ჩვენ კომპანიაში არ არის მხოლოდ დასუფთავების სერვისი, რაც არის უპირატესობა, რადგან Dream Service პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამდენად მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას აკეთებს. ფასებს რაც შეეხება, გენერალური დასუფთავება 1.10 ლარია კვ.მ-ზე, რემონტის შემდგომი დასუფთავება 2 ლარიდანაა, თუმცა, საფასური დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკაზე, მაგალითად, ავეჯის გადაზიდვა არის ძალიან ინდივიდუალური და საფასო პოლიტიკის მხრივ მოქნილები ვართ.
M: როგორია Dream Service-ს განვითარების ხედვა?
ვფიქრობ, კომპანიის მუშაობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საცალო სეგმენტი, რადგან ის არასტაბილურია. ამის გამო, გადავწყვიტეთ, რომ კორპორატიულ მომხმარებლებთან მუშაობის დრო დადგა და ოქტომბრის თვეში გავაფორმეთ პირველი კონტრაქტი პოლონეთის რესპუბლიკის სელჩოსთან, დასუფთავების მომსახურებაზე.